среда, 4 апреля 2012 г.

ყველაზე მდიდარი იტალიელი საქართველოში ბიზნესს 2007 წლიდან ფლობს


მიკელე ფერერო
ჯამური ქონება: 19 მილიარდი დოლარი
Forbes -ის სარეიტინგო პოზიცია: N23 მსოფლიოს მილიარდერთა სიაში, N1 იტალიის უმდიდრეს ადამიანთა შორის
ასაკი: 85 წელი
სიმდიდრის წყარო: შოკოლადის წარმოება
საცხოვრებელი ადგილი: მონტე-კარლო, მონაკო
მოქალაქეობა: იტალია
საოჯახო სტატუსი: დაოჯახებული
შვილები: ორი
მიკელე ფერერო ევროპის ერთ-ერთი უმდიდრესი და თან ყველაზე მეტი საიდუმლოებით მოცული მაგნატია. შოკოლადის იმპერიის მესაჭემ შარშან კინაღამ კიდევ უფრო გაიფართოვა სამფლობელოები, როცა ბრიტანული Cadburry -ს შეძენა დაგეგმა, მაგრამ მოგვიანებით გარიგება აღარ შედგა.
თუმცა ამას მისი სიმდიდრე და გავლენა ოდნავადაც არ შეურყევია.იტალიის უმდიდრესი ადამიანი პრაქტიკულად ერთპიროვნულად აკონტროლებს კომპანია Ferrero -ს, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის ცნობილ და პოპულარულ Nutella -ს შოკოლადის კარაქს, Raffaello -ს კანფეტებს, Tic Tac -ის ტკბილ აბებს, Kinder -ის სათამაშოებიან კვერცხებს და კიდევ არაერთი სახის ნუგბარს უშვებს.
2009 წელს Ferrero-ს გლობალურმა გაყიდვებმა 8,8 მილიარდი დოლარი შეადგინა. მთელ მსოფლიოში მის 18 ქარხანაში 21 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს და საწარმოო ხაზის გაფართოებაზე ზრუნავს. შედეგად, შარშან კომპანიამ ახალი დესერტი Gran Soleil წამოადგინა, რომელიც ნაყინის მოყვარულებში ჰიტად იქცა.
პროცესებს მიკელე ფერერო უპირატესად მონტე-კარლოდან ხელმძღვანელობს, რომელიც მისი ძირითადი საცხოვრებელია. მაგნატის შვილები კი ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში - ბრიუსელში ცხოვრობენ.
საქართველოში ბიზნესი Ferrero -მ 2007 წელს დაიწყო. კერძოდ, სამეგრელოში 1 600 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეისყიდა და თხილის პლანტაციების გაშენებას შეუდგა. პირველ ეტაპზე კომპანიას 8 მილიონი დოლარი აქვს ინვესტირებული და სამომავლოდ ამდენივეს დახარჯვას დამატებითი პლანტაციების გასაშენებლად აპირებს.
თხილის პირველ მოსავალს 2013 წელს ელოდებიან. საინვესტიციო გეგმა თხილის გადამამუშავებელი ორი ქარხნის მშენებლობასაც ითვალისწინებს. შედეგად, Ferrero -ს მიერ საქართველოში დაბანდებული ინვესტიციების მოცულობამ 20 მილიონ ევროს უნდა მიაღწიოს.
წყარო - Forbes Georgia

Комментариев нет:

Отправить комментарий